ჯოზეფ ბორელი – ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უნდა გადაიხედოს, როგორ იმუშაონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.
აღნიშნულის შესახებ ბორელმა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რადგანაც სამი ქვეყანა გახდა კანდიდატი. ერთი არის ძალიან შორს ევროკავშირისგან, ვგულისხმობ ბელარუსს. ზოგადად, ეს ძალიან სხვადასხვანაირი ქვეყნებია. რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს უფრო მეტად რთული ხდება. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პირველი მინისტერიალი მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ამიტომ ცხადია, ამ საკითხზე ბევრს ვისაუბრებთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხებზეც.
„შემდეგ გაიმართება ევროკავშირის საბჭო, რომელიც იქნება ხანგრძლივი და რთული, რადგან ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს ირანის საკითხი, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი, რომელიც ჯერ მზად არ არის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ საკითხზე არსებობს გარკვეული გაუგებრობა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ როდესაც მე და ევროკომისია ვაანონსებთ სანქციებს, საუბარია მხოლოდ შეთავაზებაზე, ხოლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საბჭომ. 27 მინისტრს აქვს სხვადასხვა მიდგომა. ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ არის. ჩვენს შეთავაზებაზე გაიმართა მსჯელობა. მე ვფიქრობდი, რომ დღეს მწვანე შუქის ანთებას შევძლებდით, თუმცა ჯერ ასე არ არის. შეიძლება, შეთანხმება დღის ბოლომდე შედგეს, თუმცა არსებობს გარკვეული შეკითხვები, რომლებიც შეთანხმებას საჭიროებს. შეიძლება, შეთანხმება შედგება დღეს ან ხვალ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება, რადგან არსებობს სხვადასხვა მოსაზრება.
შემდეგი საკითხი იქნება ირანი. ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. პარასკევს მქონდა ხანგრძლივი საუბარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ამ სიკვდილით დასჯაზე. ევროკავშირის სახელით შეშფოთება გამოვხატე და დავგმე მომხდარი ფაქტი. დღეს ვისაუბრებთ ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, როგორც ჰუმანიტარული მიზეზებით, ასევე ირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის გამო“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.