ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სერბეთმა და კოსოვომ თავიანთი მოქალაქეების საზღვარზე გადაადგილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სერბეთმა და კოსოვომ თავიანთი მოქალაქეების საზღვარზე გადაადგილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სერბეთმა და კოსოვომ თავიანთი მოქალაქეების საზღვარზე გადაადგილების საკითხის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ბორელი ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს.

„შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის ხელშეწყობით წარმოებული დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს შესვლა/გამოსვლის დოკუმენტები კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის და კოსოვო დათანხმდა, რომ არ შემოიღოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის“, – წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, კოსოვოს სერბებს, ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების გამოყენებით. ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროკავშირმა ახლახან მიიღო გარანტია პრემიერ-მინისტრ კურტისგან.

ივლისის ბოლოს სერბებმა ჩრდილოეთ კოსოვოში იარინიეს სასაზღვრო პუნქტთან გზა ჩაკეტეს სატვირთო მანქანებით. გადაკეტილი იყო პრიშტინა-რაშკას გზაც. დაძაბულობის შესამცირებლად კოსოვომ ერთი თვით გადადო სერბულის ნაცვლად ეროვნულ საბუთებსა და სანომრე ნიშნებზე გადასვლა.