ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდას და განიხილეს „ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი“ სომხეთისთვის
ევროკავშირი მზად არის, გაზარდოს მისია სომხეთში და გააუმჯობესოს სავიზო რეჟიმი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც „აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე“ მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის.
ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან და „ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი“ სომხეთის მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ – შიგნიდან თუ გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო: სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა იქნება მიუღებელი და ექნება მძიმე შედეგები ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე“, – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების დასადებად.
ამასთან, ბორელის თქმით, არ არის გამორიცხული, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ევროკავშირის შესაბამისი საბჭოს მომავალ შეხვედრას დაესწროს.