ჯოვანი დი ლორენცო - „მილანთან“ განმეორებით მატჩში გამარჯვება გვჭირდება და ვიმედოვნებთ, რომ „სტადიო მარადონაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო დაგვხვდება #1TVSPORT
„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც ნეაპოლიტანელებმა 0:1 წააგეს, კომენტარი გააკეთა.
განაპირა მცველი დარწმუნებულია, რომ განმეორებით შეხვედრაში „სტადიო მარადონაზე“ გუნდი ნახევარფინალში გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს. დი ლორენცომ ისიც აღიარა, რომ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის გარეშე „ნაპოლის“ ძალიან გაუჭირდება.
„კარგი თამაში ჩავატარეთ და იმედი გვაქვს, რომ ნეაპოლში „მილანთან“ მოგებას შევძლებთ. „სან სიროზე“ თავდამსხმელის გარეშე თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ელმასთან ერთადაც კი ბევრი შანსი შევქმენით. ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა მეორე მატჩამდე რომელიმე შემტევი. ამავე დროს, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სერია A-ში 0:4 მარცხი შემთხვევითი იყო“,
„ნაპოლის“ კაპიტანს შეეძლო მატჩის ბოლო წუთებში მთავარი გმირი გამხდარიყო, მაგრამ მისი დარტყმა „მილანის“ მეკარემ, მაიკ მენიომ მოიგერია და მასპინძლებს უპირატესობა შეუნარჩუნა:
„მენიომ კარგად ითამაშა, ის შესანიშნავი მეკარეა. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ჩვენი დამოკიდებულება მაიმედებს. ჩვენ მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს. გვჭირდება გამარჯვება და ვიმედოვნებთ, რომ „სტადიო მარადონაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო დაგვხვდება“, – ამბობს დი ლორენცო.