ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსანი ენტონი ჯოშუა 12 დეკემბერს, ლონდონში “O2-არენაზე” გამართავს ორთაბრძოლას ბულგარელი კუბრატ პულევის წინააღმდეგ, – დაწერა “სქაი სპორტსმა”.
ჯოშუა და პულევი ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბულგარელი მოკრივე ტრავმის გამო გამოვიდა მწყობრიდან.
ჯერჯერობით უცნობია, ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევთ ბრძოლის ჩატარება ბრიტანელსა და ბულგარელს თუ ნებადართული იქნება არენის ნაწილობრივ შევსება.
ჯოშუა სუპერმძიმე წონის ჩემპიონია IBF-ის, WBO-სა და WBA-ის ვერსიით. მას კარიერაში 24 ბრძოლიდან 23 აქვს მოგებული. პულევის სტატისტიკაა – 28 ბრძოლაში 26 მოგება.
ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ პულევთან ორთაბრძოლა ბოლო წინაღობაა მისი კლიენტისთვის ტაისონ ფიურისთან ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის წინ.