სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა ივარაუდა – როდის შეიძლება გაიმართოს მისი კლიენტისა და WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტაისონ ფიურის ორთაბრძოლა.
„ჩვენ ვაპირებთ ორი ბრძოლის ორგანიზებას: აპრილ-მაისში და რევანში ნოემბერ-დეკემბერში. დღეისთვის ბრიტანელი მოკრივეების გუნდები განიხილავენ ბრძოლების ჩატარების ადგილს, მაგრამ დასანანი იქნება, თუ ორი ჩემპიონი ბრიტანეთიდან ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იჩხუბებს.
ვიცი, ბევრს მიაჩნია, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა წინადადებას განვიხილავთ, წარვუდგენთ მათ მებრძოლთა გუნდებს განსახილველად, შემდეგ კი ამოვირჩევთ ყველაზე ოპტიმალურს“, – განაცხადა ჰირნმა.
ტაისონ ფიურიმ WBC-ის ტიტული თებერვალში მოიპოვა, როცა დეონტეი უაილდერს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. ჯოშუამ, თავის მხრივ, 2019 წლის დეკემბერში დაამარცხა ენდი რუისი და სამი საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.