„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ გლდანის მიკრორაიონებში წყლის ფერის ცვლილება მკვებავი მაგისტრალური ქსელის დაზიანებას უკავშირდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ გლდანის მიკრორაიონებში წყლის ფერის ცვლილება მკვებავი მაგისტრალური ქსელის დაზიანებას უკავშირდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, საჭირო გახდა წყლის ტექნიკური გადართვა და ნაკადების ცვლილება, რამაც გამოიწვია გლდანის მიკრორაიონებში წყლის დროებითი ამღვრევა – ფერის ცვლილება.

„კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მიმდინარეობს ქსელების ინტენსიური რეცხვა. კომპანიის ლაბორატორიებმა ადგილზე აიღეს წყლის ანალიზი. ამავდროულად, გრძელდება წყლის ხარისხის უზრუნველოფის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში, მონიტორინგი და გაუსნებოვნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად აუცილებელია წყლის დროებითი შეზღუდვა. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 20 ოქტომბრის 19.00 საათიდან ხვალ, 21 ოქტომბრის დილის 08.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: V-VI-VII-VIII მიკრორაიონებს, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, სააკაძის, კვესეთისა და მიმდებარე ქუჩებს.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდიან.