„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – საბურთალოზე, მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან, 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისა და დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები.
„წყალმომარაგების დაზიანებული მილის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რის შემდეგაც გამრეკელის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.
ჯივიპი სრულად იღებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებელი ფართიც მნიშვნელოვნად დაზიანდა, კომპანია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. ამასთანავე, კომპანიის სპეციალურმა ჯგუფებმა ადგილზე უკვე მოახდინეს როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების დაზიანების პირველადი შეფასება. მიყენებული ზიანი თითოეულ მოქალაქეს აუნაზღაურდება.
ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით ჯივიპიმ ინციდენტის დადგომისთანავე უზრუნველყო აბონენტების წყალმომრაგების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა, შესაბამისად, წყალმომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.