„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სოფელ ითხვისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სოფელ ითხვისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აქტიურად არის ჩართული ჭიათურის მუნიციპალიტეტთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ერთად სოფელ ითხვისში პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესწავლა, დადგენასა და მისი ეფექტურად გადაწყვეტის გზების ძიებაში. ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებზე წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს.

„მიუხედავად ამისა, კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა შესაბამის ორგანოსთან დახმარების ფორმისა და სახის შერჩევაში. „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველთვის ძლიერი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს და მხარში უდგას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს სოციალური პრობლემების გადაჭრაში. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 2007 წლიდან ოპერირებს ჭიათურაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი, სადაც დღეს პრობლემა შეიქმნა, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესები ჯერ კიდევ 2000-იან წლებშიც განვითარდა. სწორედ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საერთოდ არ უწარმოებია მადნის მოპოვებითი სამუშაოები. მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა გამოწვეული იყოს, ძველი, 80-90 იან წლებში წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია. კომპანია დაინტერესებულია, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნოს დასკვნა, თუ რამ გამოიწვია სოფელ ითხვისში მოსახლეობის დაზარალება, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. ჩვენს ინტერესებშია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია განცხადებაში.