ჯორჯია მელონიმ, ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით, იტალიის რეკორდი დაამყარა
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ქალაქ ბარიში, პარტია „იტალიის ძმების“ მხარდამჭერების წინაშე, სიტყვით გამოდის თავისი მთავრობის რეკორდული დროით მმართველობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 2026 წლის 4 სექტემბერი
რეკორდი, რომელიც იტალიის ხელისუფლების სათავეში მყოფმა პირველმა ქალმა ახლახანს მოხსნა, ადრე სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნოდა. 2022 წელს გამართულ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება ჯორჯია მელონიმ ულტრამემარჯვენეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მიგრაციასა და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებზე ფოკუსირებით მოახერხა.
ხელისუფლებაში ყოფნის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, იგი უფრო ზომიერ პოზიციებზე გადავიდა, რამაც, შესაძლოა, პრეცედენტი შექმნას ევროპაში, რადგან ხელისუფლებაში დარჩენის მისი ფორმულა წარმატებული აღმოჩნდა.
ეკონომიკური რისკი
2022 წელს იტალიის სათავეში მის მოსვლას ევროპა გარკვეული სკეპტიციზმით შეხვდა. ჯორჯია მელონის უყვარს იმის ხაზგასმა, რომ ყველა იმ პროგნოზის გაბათილება მოახერხა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების სათავეში ის დიდხანს ვერ დარჩებოდა და მისი მმართველობის პერიოდში, იტალიის სახელმწიფო ფინანსებს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა.
მსგავსი არაფერი მომხდარა: ბიუჯეტის ევროპული წესების დაცვა მისმა მთავრობამ ღირსების საქმედ აქცია. მიუხედავად ამისა, იტალიის ეკონომიკური ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1 პროცენტზე დაბალია, ხოლო სახელმწიფო ვალი ქვეყნის „აქილევსის ქუსლად“ რჩება; წლის ბოლოსთვის კი, ვალისა და მშპ-ის ფარდობის მაჩვენებლით, იტალია საბერძნეთს ჩაანაცვლებს და ევროზონაში ყველაზე დიდი დავალიანების მქონე ქვეყანა გახდება.
აღარაფერს ვამბობთ ინფლაციის 3.3 პროცენტამდე გაზრდაზე, რაც იტალიელებს ყოველდღიურ ცხოვრებას ურთულებს. რომის „მერკატო ტრიონფალეზე“, რომელიც ევროპის უდიდესი დახურული ბაზარია, მთავრობის სტაბილურობის შესახებ მოსაზრებები ორად არის გაყოფილი. „ყველაფერი გაძვირდა; თვიდან თვემდე თავის გატანას ვერ ვახერხებ. შვილები რომ არ მეხმარებოდნენ, არსებობა ძალიან გამიჭირდებოდა; ამ მთავრობას პენსიონერებისთვის არაფერი გაუკეთებია“, – ჩივის ხანდაზმული ქალბატონი.
„ჯორჯია მელონი გულით და გონებით საუბრობს – ამ დროს ის ჩვენ, უბრალო ადამიანებს გველაპარაკება!“
თევზის დახლთან მდგომი მამაკაცი კი პრემიერ-მინისტრის მიმართ თავის აღფრთოვანებას არ მალავს. „ჯორჯია მელონიმ სხვებზე დიდხანს შეძლო ხელისუფლებაში დარჩენა, რადგან ის გულით და გონებით საუბრობს – ამ დროს ის ჩვენ, უბრალო ადამიანებს გველაპარაკება!“
ტრადიციული რომაული კერძის, „პორჩეტას“ გამყიდველი თევზით მოვაჭრე მამაკაცს ეთანხმება: „მართალია, ცხოვრება გაძვირდა, მაგრამ ეს მთავრობის ბრალი არ არის; ვფიქრობ, მიგრაციის კუთხით კარგი სამუშაო გასწიეს. იტალიაში ახლა ნაკლები არალეგალი მიგრანტია“. კიდევ ერთი მომხმარებელი, რომელსაც ყასაბი პატივისცემით „დოქტორეს“ უწოდებს, შედარებით კრიტიკულია: „მიმაჩნია, რომ პოლიტიკური სტაბილურობისა და დიდი საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში, ამ მთავრობას უფრო მასშტაბური რეფორმები უნდა გაეტარებინა, განსაკუთრებით ეკონომიკისა და იტალიელების მსყიდველობითუნარიანობის ამაღლების კუთხით“.
წარუმატებელი რეფორმები
სასამართლო რეფორმის შესახებ რეფერენდუმზე განცდილი სასტიკი დამარცხების შემდეგ, ჯორჯია მელონიმ, როგორც ჩანს, ხელი აიღო იმ ძირითად ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანას ძალიან სჭირდება. „მთავრობამ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის მეტისმეტად მცირე ნაწილი ჩადო იმ რეფორმებში, რომლებიც ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული“, – აკრიტიკებს ხელისუფლებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორი, კარლო კოტარელი.
ამ მოსაზრებას რომის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთერთი საცხობის მფლობელიც იზიარებს. „სამთავრობო კოალიციაში შემავალი ჯორჯია მელონის პარტია მცირე ბიზნესის დაცვას გვპირდებოდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ ფუჭი სიტყვები აღმოჩნდა. ენერგორესურსების ფასები ძალიან მძიმე ტვირთად გვაწვება, მთავრობა არც მსხვილი სავაჭრო ქსელების მხრიდან ზეწოლისგან გვიცავს“, – ამბობს საცხობის მფლობელი, ლუიჯი მელკიონდა, რომელიც, ამავე დროს, რომის მეპურეთა ასოციაციის წარმომადგენელია. „ჯორჯია მელონი ჩემ წინ რომ იდგეს, სიტყვების რახარუხის ნაცვლად, საქმის კეთებას მოვთხოვდი. ეს მთავრობა „სუვერენისტულ“ ხელისუფლებად პოზიციონირებდა, რომელსაც იტალიელები უნდა დაეცვა, თუმცა ამ მიმართულებითაც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – დასძინა ლუიჯიმ.

ნაციონალური სიამაყე
გარბატელას უბანში, სადაც ჯორჯია მელონიმ ახალგაზრდობა გაატარა და გასული საუკუნის 90-იან წლებში პოლიტიკური აღმასვლა დაიწყო, პარტია „იტალიის ძმების“ ახალგაზრდა აქტივისტები მთავრობის რეკორდული დროით მმართველობის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
მათთვის ჯორჯია მელონი მისაბაძი მაგალითია, რომელმაც მემარჯვენეებს თავდაჯერება დაუბრუნა და ჩრდილიდან გამოსვლის საშუალება მისცა, მისი პოლიტიკური სტაბილურობა კი ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ მემარჯვენეებს ქვეყნის კარგად მართვა შეუძლიათ.
„მიმაჩნია, რომ ამ მთავრობას შეუძლია, თავისი მიღწევებით იამაყოს, – განმარტავს „იტალიის ძმების“ ახალგაზრდული ფრთის, „ჯიოვენტუ ნაციონალეს“ ხელმძღვანელი, მატეო როკო დელ ბალსო, – იტალიას სურს, რომ ჯორჯია მელონი ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩეს. ამ მთავრობამ ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იტალია ისევ იქცა ანგარიშგასაწევ ძალად“.
ჯორჯია მელონისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობაზე საუბარს კი ჯობს მოვერიდოთ… ეს აქტივისტებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული თემაა. თუმცა, ჯორჯია მელონიმ თავის ამომრჩეველს ფაქტობრივად მაინც შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ იტალია ანგარიშგასაწევი ქვეყანაა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მის მიერ მიღებული ზომები – მაგალითად, ალბანეთში დეპორტაციის ცენტრების შექმნა – მისაბაძი მაგალითი ხდება დანარჩენი ევროპისთვის.
ახალგაზრდა აქტივისტები ქალაქ ბარისკენ ხუთსაათიანი მგზავრობისთვის ემზადებიან, სადაც მთავრობა ამ რეკორდულ პოლიტიკურ დღეგრძელობას აღნიშნავს. ეს ღონისძიება თანდათან წინასაარჩევნო კამპანიის სტარტის ხასიათს იძენს.
ჯორჯია მელონი ხვდება, რომ ახალი ულტრამემარჯვენე პარტიის გამოჩენის პირობებში, რომელსაც გადამდგარი გენერლი, რობერტო ვანაჩი ხელმძღვანელობს და „იტალიის ძმებზე“ უფრო რადიკალურად წარმოაჩენს თავს, მას უფრო მკაცრი კურსის გატარება მოუწევს.
მიუხედავად ამისა, იტალიის პოლიტიკურ სცენაზე ის კვლავ ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად რჩება და ხელისუფლებაში ყოფნის 1 413 დღის შემდეგაც ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია.
თუ 2027 წელს არჩევნებში ჯორჯია მელონი ისევ გაიმარჯვებს და პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას შეძლებს, ამით ის კიდევ ერთ რეკორდს დაამყარებს – პრემიერ-მინისტრის პოსტი ზედიზედ ორი ვადით იტალიაში ჯერ არავის დაუკავებია.
ჯორჯიას შემდეგი მიზანი, უდავოდ, სწორედ ეს არის.