ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“ 2024 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში პროექტების დაფინანსებას მინიმუმამდე შეამცირებს
ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდი“ 2024 წლიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პროექტების დაფინანსებას მინიმუმამდე შეამცირებს.
როგორც უცხოური მედია ფონდ „ღია საზოგადოების“ შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დემოკრატიის მხარდაჭერაში და ამ სფეროში დახმარებას აღარ საჭიროებს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაცვლად, სოროსის ფონდი საქმიანობის გააქტიურებას აპირებს უკრაინაში, მოლდოვაში, ბალკანეთის ზოგიერთ სახელმწიფოში, ასევე ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
სოროსის ფონდის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს უფლებადამცველი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ევროკავშირის ბიუროში. მათი თქმით, სოროსის ფონდის პროგრამების დახურვამ მაშინ, როდესაც „პოპულიზმი იზრდება, ხოლო კანონის უზენაესობა საფრთხის ქვეშაა“, შესაძლოა, უკვე მიღწეული წარმატება გაანულოს.