ჯორჯ კენტი - ყოველ დემოკრატიაში არის გარკვეული დაძაბულობა სამოქალაქო სექტორსა და მაღალჩინოსნებს შორის, ასეა ჩვენთანაც
ჯორჯ კენტი - ყოველ დემოკრატიაში არის გარკვეული დაძაბულობა სამოქალაქო სექტორსა და მაღალჩინოსნებს შორის, ასეა ჩვენთანაც

ყოველ დემოკრატიაში არის გარკვეული დაძაბულობა სამოქალაქო სექტორსა და მაღალჩინოსნებს შორის, ასეა ჩვენთანაც, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯორჯ კენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დიალოგი ცივილურად წარიმართება.

„ვიზიტის ფარგლებში ვსტუმრობ აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, რომ ხაზი გავუსვათ ამ რეგიონის ქვეყნების მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, მათ შორის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მათი წარმატებებისა და განვითარების მიმართ. საქართველოში ვხვდებით ქართველ ლიდერებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ვსაუბრობთ ჩვენს მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ, რომ მან მიაღწიოს წარმატებებს, როგორც ქვეყანამ, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცულია.

ვართ აქ საქართველოს სუვერენიტეტისა და დინამიური ეკონომიკის უზრუნველყოფის, აგრეთვე მყარი დემოკრატიის მხარდასაჭერად, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მიზნებს და გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს ღირსეული წევრი. ახლახან დავიწყე მოვალეობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია. აშშ დიდად უჭერს მხარს, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, წარმატებული არჩევნები ჩატარდეს.

გვესმის, რომ ყველა ქვეყნის არჩევნებში, მათ შორის, ჩვენთანაც, არის რთული მომენტები და გამოწვევები. მაგრამ, იმედი გვაქვს, ქართველებს შორის დიალოგი ცივილური იქნება და არ ექნება ადგილი რაიმე ტიპის თავდასხმას სამოქალაქო სექტორის მიმართ.

ყოველ დემოკრატიაში არის გარკვეული დაძაბულობა სამოქალაქო სექტორსა და მაღალჩინოსნებს შორის, ასეა ჩვენთანაც, მაგრამ ჯანმრთელ დემოკრატიულ საზოგადოებაში მათ შორის ჯანსაღი ბალანსი არსებობს“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა.