ჯორჯ კენტი - ვფიქრობ, კონგრესის ორივე პალატის, ორივე პარტიის, ასევე ადმინისტრაციის ვალდებულებად რჩება ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც საჭიროა საქართველოს წარმატებისთვის
ჯორჯ კენტი - ვფიქრობ, კონგრესის ორივე პალატის, ორივე პარტიის, ასევე ადმინისტრაციის ვალდებულებად რჩება ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც საჭიროა საქართველოს წარმატებისთვის

ვფიქრობ, კონგრესის ორივე პალატის, ორივე პარტიის, ასევე ადმინისტრაციის ვალდებულებად რჩება ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც საჭიროა საქართველოს წარმატებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტიმ აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა რესპუბლიკელი სენატორის, ჯიმ რიშის შეკითხვას, „განიხილავს თუ არა აშშ საქართველოს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ გარკვეული პირობების წაყენებას“.

ამასთან, ჯორჯ კენტის თქმით, განსახილველია პირობითობის საკითხი და ის, თუ რისთვის არის გათვალისწინებული ასიგნებები.

„მე ვიცი, რომ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა გასულ წელს გარკვეული შეზღუდული პირობები დააწესეთ საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების ნაწილზე და ჩვენ ავუხსენით ქართველ მეგობრებს, რომ საქართველოს მეგობრებს სურთ საქართველოს წარმატება. ასიგნატორები წლების განმავლობაში უკიდურესად გულუხვები იყვნენ საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენაში. პირობითობის საკითხი არის ის, რასაც ჩვენ განვიხლავთ ასევე სხვა გარემოებებშიც.

მაგალითად, თქვენმა კოლეგებმა ეს ჩადეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების საკითხშიც. ვფიქრობ, ეს არის განსახილველი საკითხი, მათ შორის ის, თუ რისთვის არის გათვალისწინებული ასიგნებები და ასევე პირობითობის საკითხი. თუმცა ვფიქრობ, რომ კონგრესის ორივე პალატის, ორივე პარტიის, ასევე ადმინისტრაციის ვალდებულებად რჩება საქართველოს წარმატების ნახვა და ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც საჭიროა საქართველოს წარმატებისთვის“, – აღნიშნა ჯორჯ კენტიმ.

ამავე კითხვის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდმა განაცხადა, რომ მუდმივად აფასებენ, როგორ შეიძლება, საქართველოს მიმართ დახმარება მეტად ეფექტიანი გახდეს.

„ჩვენ მუდმივად ვაფასებთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი დახმარება უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ. რეფორმები, რომლებზეც ვისაუბრეთ, არ შეიძლება, ჩვენ უფრო გვინდოდეს, ვიდრე მათ. ისინი უნდა იყვნენ ამის მიმართ ვალდებულნი. ვფიქრობ, რომ დიალოგზე და ჩიხიდან გამოსვლაზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ უნდა განვიხილავდეთ ყველა მიდგომას და მუდმივად ვაფასებდეთ, რომელი მიდგომა და ინსტრუმენტი დაგვეხმარება“, – განაცხადა კარა მაკდონალდმა.