ჯორჯ კენტი - როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრს, აშკარაა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი საქართველოს ერთგულება
ჯორჯ კენტი - როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრს, აშკარაა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი საქართველოს ერთგულება

როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, საქართველოს გზისადმი ერთგულება და მათი სტრატეგიული მიზანი აშკარაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

როგორც კენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი.

„ვფიქრობ, თამამად შეიძლება შევაფასოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ მისი ყოფნით და ახლა მისი ამ როლიდან ფორმალურად გადადგომით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი. სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის შეიტანენ. ისინი განაგრძობენ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვას. ნათელია, რომ ეს არის არა მარტო ქართველების სულ მცირე სამი-მეოთხედის არჩევანი, ის არის „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი არჩეული გზა, რომლებსაც ფორმალურად როგორც თავმჯდომარე, თუ არაფორმალურად როგორც პარტიის დამფუძნებელი ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, საქართველოს გზისადმი ერთგულება და მათი სტრატეგიული მიზანი აშკარაა. ვფიქრობ, ეს მოსმენა არის ფოკუსირება იმაზე, არიან თუ არა ერთგულები ისინი იმ ღირებულებებისადმი, რომლებიც მათ ამ გზაზე გაუძღვება, რადგან ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს. ვფიქრობ, ეს არის საბოლოო ტესტი და მიზეზი, თუ რატომ არის ის მოვლენები, რომელთა განსახილველად თქვენ მოიწვიეთ ეს მოსმენა, ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.