ჯორდან ბარდელა და მარინ ლე პენი განცხადებას ავრცელებენ – არასდროს შევეგუებით რუსეთის მცდელობას, დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერებმა რუსეთი გააკრიტიკეს. პარტიის პრეზიდენტმა, ჯორდან ბარდელამ და მარინ ლე პენმა რუსეთის მხრიდან გახშირებული ჰიბრიდული თავდასხმებისა და სხვა პროვოკაციების ფონზე, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ არასდროს შევეგუებით უცხო ძალის, ამ შემთხვევაში, რუსეთის მცდელობას, პირდაპირ ან ირიბად, დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს“, – ნათქვამია ბარდელასა და ლე პენის ერთობლივ განცხადებაში.
ლე პენმა და ბარდელამ ასევე ისაუბრეს აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე.
„ვერც ერთი პროვოკაცია, ფარული ოპერაცია თუ დესტაბილიზაციის მცდელობა ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ საფრანგეთმა რუსეთს უკრაინაში ომის მიზნების მიღწევაში ხელი შეუწყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ლიდერებმა ასევე გააკრიტიკეს რუსეთის გადაწყვეტილება, დაეუფლოს ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე კომპანიის აქტივებს, მათ შორის ფრანგული საცალო ვაჭრობის კომპანია Auchan-ისა და შვეიცარიული კვებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანია Nestle-ს აქტივებს.
ბარდელასა და ლე პენის განცხადებით, ეს „საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებაა“.
განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. შეხვედრაზე საფრანგეთის პოლიტიკური ძალების ლიდერებს, მათ შორის ჯორდან ბარდელას, რუსეთის ომისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისგან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.