ჯონი ხეცურიანი - ყველაზე დიდი ზიანი სახელმწიფოსგან მიადგა ეკლესიას, სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, დაექვემდებარებინა ეკლესია, სწორედ ეს შეიზღუდა კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ
ჯონი ხეცურიანი - ყველაზე დიდი ზიანი სახელმწიფოსგან მიადგა ეკლესიას, სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, დაექვემდებარებინა ეკლესია, სწორედ ეს შეიზღუდა კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ

სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ კი ეს უფლება შეიზღუდა, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

„ყველაზე დიდი ზიანი სახელმწიფოსგან მიადგა ეკლესიას და ეს მოხდა სწორედ სამართლებრივი აქტების მეშვეობით. ეს შიშის კონსტიტუციაა, შიშისგან გამოწვეული, რომ არ მოხდეს ისევ ისტორიის განმეორება, რაც დაემართა ჩვენს ერს, სახელმწიფომ ცალმხრივად რომ არ იმოქმედოს. ხელისუფლებები იცვლებიან, სხვადასხვა შეხედულების, იდეოლოგიის ადამიანები მოდიან და რა ვიცით, ვინ რას გააკეთებს? ამის შედეგად, თუ რამე უნდათ, შეცვალონ, ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ. ეს არის“, – განაცხადა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, 2022 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა ნორმა, რომ კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო კონსტიტუციას, ჩვენს ძირითად კანონს, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ადამიანის უფლებების სფეროში.

„შესაბამისად, თუ არ იქნება შესაბამისობა დაცული და დარღვეული იქნება ვინმეს ინტერესები ან უფლებები, მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონსტიტუციური შეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციური შეთანხმებისგან თუ ვინმეს ზიანი მიადგება, არსებობს სასამართლო დაცვის უფლება“, – აღნიშნა ხეცურიანმა.

ხეცურიანის თქმით, ასევე იყო ხმაურიანი განცხადებები დისკრიმინაციის ნაწილზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.

„ძირითადად, იყო ორი შენიშვნა, რომელსაც უფრო რეზონანსი მიეცა. ერთი, რომ თქვენ ამით, ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიას ადგენთ და მეორე, ქვეყანაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ისინი მოითხოვდნენ, მათთანაც დადებულიყო კონსტიტუციური შეთანხმება. აქ არავითარი სახელმწიფო რელიგიის დადგენა არ ხდება და, სხვათა შორის, ასეც რომ იყოს, მსოფლიოს 43 ქვეყანაშია სახელმწიფო რელიგია გამოცხადებული; ქვეყნების რიგში, სადაც სახელმწიფო რელიგია აქვთ, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნებიც არიან. აქ არიან, როგორც მონარქიული ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, მათ შორის დანია, ასევე საბერძნეთი, ბულგარეთი, პორტუგალია და ა.შ. მაგალითად, ნორვეგიის კონსტიტუციაში ასეთი მუხლია ჩაწერილი, რომ ნორვეგიაში ოფიციალური რელიგია არის ევანგელურ-ლუთერანული და ამ აღმსარებლობის მცხოვრებნი ვალდებული არიან, ასევე აღზარდონ შვილები. ეს ძალიან მძიმე მუხლია. ჩვენ კონსტიტუციის შეთანხმებაზე როდესაც ვმუშაობდით, მე ვენეციის კომისიის წევრი გახლდით და ვთხოვე, განმარტება მოეცათ ამის თაობაზე. იქ მითხრეს, რომ ეს ფორმალურად წერიაო და მე ვუთხარი, რომ ჩვენც ფორმალურად ჩავწერთ, ანალოგიურად, მაგრამ ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ, ამაზე არც იფიქროთო“, – განაცხადა ხეცურიანმა.