ჯონი ხეცურიანი - კონსტიტუციური შეთანხმების სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან გაფორმება არ შეიძლება, ისინი სახელმწიფოს გარეთ არსებული ორგანიზაციების ნაწილები არიან, დამოუკიდებელი მოქმედების უფლება არ აქვთ
ჯონი ხეცურიანი - კონსტიტუციური შეთანხმების სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან გაფორმება არ შეიძლება, ისინი სახელმწიფოს გარეთ არსებული ორგანიზაციების ნაწილები არიან, დამოუკიდებელი მოქმედების უფლება არ აქვთ

არ შეიძლება, სხვა რელიგიური ორგანიზაციებთან კონსტიტუციური შეთანხმება გაფორმდეს, – ასე უპასუხა აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ წამყვანის შეკითხვას, ხომ არ ლახავს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება სხვა რელიგიური ორგანიზაციების უფლებებს და მათთანაც ხომ არ უნდა გაფორმდეს ანალოგიური შეთანხმება?

„ამას აქვს ორი არგუმენტი, ორგანიზაციული და სამართლებრივი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორგანიზაციულად დასრულებული სახით საქართველოშია წარმომადგენელი. იგი არ არის სახელმწიფოს გარეთ არსებული რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წევრი. ის სრულყოფილად, დასრულებული სახით, დამოუკიდებლად არის საქართველოში წარმოდგენილი. რაც შეეხება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, ისინი წარმოადგენენ სხვა რელიგიური ორგანიზაციების, სახელმწიფოს გარეთ არსებული რელიგიური ორგანიზაციების ნაწილებს, შეიძლება, ფილიალები დავარქვათ, რომლებსაც დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება და უფლება არ აქვთ. ამავე დროს, სრულიად განსხვავებულია მათი როლი საქართველოს ისტორიაში, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიის. ქართული ცივილიზაციის საფუძველი არის სწორედ მართლმადიდებლობა“, – განაცხადა ხეცურიანმა.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სწორად ბრძანებდა, რომ ჩვენი ერი დღეს რითიც ამაყობს ლიტერატურის, არქიტექტურის, ხელოვნების, მუსიკის დარგებში, ყველაფერი მართლმადიდებლობის საფუძველზეა შექმნილი.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართული ცივილიზაციის ძირითადი, მთავარი საფუძველი სწორედ მართლმადიდებული ქრისტიანობაა. აი, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამას. სხვა რელიგიური ორგანიზაციების როლი სრულიად მოკრძალებულია და განსხვავებული. ამიტომ, ორგანიზაციულად, ვისთან უნდა დადოს საქართველომ, დავუშვათ, ხელშეკრულება, სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან, რომლის ცენტრიც სხვაგან იმყოფება და აქ – ამასთან? ხომ არ შეიძლება ასე, რომ ფილიალთან დადოს ხელშეკრულება სახელმწიფომ, მის წარმომადგენლობასთან, არა? ეს სრულიად მიუღებელია. ამიტომ არ არსებობს არც ორგანიზაციული და არც სამართლებრივი საფუძველი, რომ მათთან ხელშეკრულება გაფორმდეს“, – განაცხადა ხეცურიანმა.

აკადემიკოსმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც თანაბარ მდგომარეობაში მყოფებს განსხვავებულად მოეპყრობი, მაგრამ, მისი თქმით, დისკრიმინაციას მაშინაც აქვს ადგილი, როდესაც განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტებს მოეპყრობი თანაბრად.

„ეს მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ, ეს სამეცნიერო ლიტერატურაშიც ასეა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა რელიგიის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ესპანეთის მაგალითზე გაასაჩივრეს ეს, პროტესტანტულმა ეკლესიამ გაასაჩივრა, კათოლიკური ეკლესია გადასახადებისგან გათავისუფლებულია და ჩვენ – არაო. იმათ უთხრეს, იქ კათოლიკურ ეკლესიასთან მათ კონკორდატი აქვთ დადებული და გარკვეული აქვთ ეს ურთიერთობები, თქვენთან კი – არა, იქ მასშტაბი მისი გავრცელების ბევრია, თქვენი კი – არა, განსხვავებულ მდგომარეობაში ხართ და ამიტომ განსხვავებულად მოგეპყრობიანო. ამიტომ აქ არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს. ერთი სიტყვით, დისკრიმინაცია არ არის და არც არსებობს იმის აუცილებლობა, რომ მათთან ხელშეკრულება, კონსტიტუციური შეთანხმება დაიდოს. კონსტიტუციური შეთანხმება ვისთან იდება, პირდაპირ წერია ჩვენს კონსტიტუციაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დებს საქართველოს სახელმწიფო და არა – რელიგიურ ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.