ჯონდი ბაღათურიამ პარტიის სახელით, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მთავრობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა

14:06, 06.08.2020

„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, პარტიის წევრებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში პარტიის მიერ შედგენილი სარჩევნო პროგრამის ანტიკრიზისული ნაწილი წარმოადგინა.

ბაღათურიას თქმით, პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ამასთან, პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ კრიზისული გეგმის გამოყენების შემდეგ ქვეყანაში 500 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პარტიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა მთავრობის მეთაურისთვის, გიორგი გახარიასთვის გადასაცემად მთავრობის კანცელარიაში დატოვეს.

„ჩვენ მთავრობას გადავეცით უნიკალური პროგრამა, ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვითაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაიძლიოს ეკონომიკური კრიზისი, ქვეყანაში შეიქმნას 500 000-ზე მეტი სამუშაო ადილი, გაჯანსაღდეს საბანკო-საფინანსო სისტემა და ხალხი პრობლემური დავალიანებისგან გათავისუფლდეს. ეს არის „ქართული დასის“ მიერ მეცნიერებთან ერთად და მეცნიერულად დასაბუთებული წინასაარჩევნო პროგრამა ანტიკრიზისული ნაწილი, რომელიც დღეს ჩვენ პრემიერს გადავეცით.

ვწერთ პრემიერს, რომ მზად ვართ და მოხარული ვიქნებით თუ ამას წაგვართმევს მთავრობა და დროის კარგვის გარეშე დაიწყებს ამ პროგრამის განხორციელებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ საარჩევნო პროგრამის ეს ნაწილი გადავაბაროთ მთავრობას, მათთან ვითანამშრომლოთ და სამუშაო ვითარებაში მივცეთ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენი პროგრამის მიხედვით, ეკონომიკის მთავარი მდგენელი არის სოფლის მეურნეობა და საქართველოში დამზადებული სოფლის მეურნეობის გადამამაუშავებელი წარმოება ანუ კვების მრეწველობა ეს არის ორი ერთმანეთთან აუცილებლად გადაბმული ჯაჭვი. დღეს ამ პროგრამით შეიძლება ერის და სახელმწიფოს გადარჩენა,“ – განაცხადა ბაღათურიამ.

მსგავსი