ჯონდი ბაღათურია მედიკამენტების ფასებზე კონტროლის დაწესებას ითხოვს
ჯონდი ბაღათურია მედიკამენტების ფასებზე კონტროლის დაწესებას ითხოვს

ბლოკ „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ფასთა ზრდა არაადეკვატურია და ამით კერძო კომპანიები უკანონოდ მდიდრდებიან.

„საქართველოს სააფთიაქო ბიზნესში არსებობს კარტელური შეთანხმება, სააფთიაქო ბიზნესის მფლობელთა შეთქმულებაა ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ განვახორციელეთ საკონტროლო შესყიდვები თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში. მიზანმიმართულად შევისყიდეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ანუ საქართველოშიც რუსეთსა და თურქეთშიც ვიყიდეთ ერთი და იგივე დასახელების ადგილობრივი წარმოების წნევის მარეგულირებელი საშუალება „კაპტოპრილი“. ჩვენმა საკონტროლო შესყიდვებმა აჩვენა, რომ საქართველოსი მაგალითად 50-მილიგრამიანი „კაპტოპრილი“ ღირს 637 პროცენტით უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და რუსეთში. ხოლო 25-იანი „კაპტოპრილი“, ქართული წარმოების, ღირს 1257 პროცენტით უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და რუსეთში. ეს არის სპეკულაცია, სისხლის სამართლის დანაშაული“, – აცხადებს ბაღათურია.

ჯონდი ბაღათურიას ინიციატივაა, მოხდეს მედიკამენტების ფასების კონტროლი. მისი თქმით, ამ თემაზე კანონპროექტი „ქართულმა დასმა“ პარლამენტს ერთი წლის წინ წარუდგინა. ბაღათურია აცხადებს, რომ პარლამენტში სააფთიაქო ბიზნესს ლობირებდნენ და ამის გამო ვერ გავიდა მათი კანონპროექტი. ბლოკი „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ პარლამენტში ამ კანონპროექტის შეტანას კვლავ აპირებს.

„მთავრობას უნდა მიენიჭოს უფლება, ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე დააწესოს რეგულაციები, დააწესოს ბიჯი, რამდენით შეიძლება თვითღირებულების შემდეგ გაძვირდეს წამალი საბითუმო ვაჭრობაში, შემდგომში რამდენით შეიძლება გაძვირდეს წამალი დისტრიბუციის დროს, ანუ საცალო ვაჭრობაში“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია.