ჯონდი ბაღათურია - არ ვიცი, ნულოვანი ბარიერის შემოღება ვინ მოიფიქრა, მაგრამ ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია
ჯონდი ბაღათურია - არ ვიცი, ნულოვანი ბარიერის შემოღება ვინ მოიფიქრა, მაგრამ ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია

არ ვიცი, ნულოვანი ბარიერის შემოღება ვინ მოიფიქრა, მაგრამ ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკების დაშვებას და ბარიერის გაზრდას იმიტომ ითხოვს, რომ მიიბას ის ერთპროცენტიანი პარტიები, რომლებიც მის ორბიტაზე იყვნენ. ამასწინათ, „რუსთავი 2“-ზე გადაცემა ვნახე, სადაც ერთ მხარეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ერთი კაცი იჯდა, მაგრამ იყვნენ „ნაცები“ და „ევრონაცები“, მეორე მხარეს კი იყვნენ პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაცებთან“ იყვნენ მიბმული, მათ ორბიტაზე ტრიალებდნენ და ახლა, ერთმანეთს ჭამდნენ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისი თქმით, ბუნებრივი ბარიერის შესახებ გადაწყვეტილება კომფორტული არც „ქართული ოცნებისთვის“ არ არის და მმართველ პარტიას ეს არ აწყობს, მაგრამ ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჭიროების ხარისხი დაიკარგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს დიდ პარტიებს არ აწყობს. ვინ არის დიდი პარტია? ვინც ბევრ ხმას იღებს, ვისაც ბევრი ფული და რესურსი აქვს. ასეთი არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან ბევრს რომ ხმაურობს ბოკერიას „ევროპული ნაციონალური მოძრაობა“, ანუ გაევროპელებული „ნაციონალური მოძრაობა“, ისინიც კი ხვდებიან, რომ 5%-იანი ბარიერი მათთვის პრობლემაა. ბოლო პერიოდში „ევროპული საქართველო“ დისტანცირებული იყო „ნაციონალური მოძრაობისგან“, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ყოფნა დაიწყეს, რადგან დაინახეს, რომ მომავალში მათი პარლამენტში ყოფნა ისევ ამათზეა დამოკიდებული. ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჭიროების ხარისხი დაიკარგა, რაც ახალმა ინიციატივამ უზრუნველყო. თითქოს, ძალიან მარტივია, მაგრამ ეს დასაფასებელი სვლა იყო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა აღნიშნა, დავით უსუფაშვილმა ნახა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მისი პოლიტიკური წონა 1-1,5%-ია, ახლა კი, მას აქვს შანსი, პარლამენტში ერთი ან ორი მანდატით იყოს წარმოდგენილი და შესაბამისად, მან ნულოვან ბარიერს მხარი დაუჭირა.

„მან ნულოვან ბარიერს მხარი დაუჭირა და „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე ტრიალს თავი დაანება. იგივე გააკეთა ერთი-ორმა პარტიამ და იმავეს გააკეთებენ „რესპუბლიკელები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ბაღათურიამ ასევე განაცხადა, რომ იმ პარტიების რეიტინგი, რომლებსაც ნულოვანი ბარიერი არ მოსწონთ, 0,01%-ია.

„ვისაც რაღაც შანსი აქვს, რომ ერთ პროცენტამდე ავიდეს, ყველას მოსწონს. რატომ შეიძლება არ მოგწონდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ერთი პროცენტის შემთხვევაში ერთი კაცის გაყვანის გარანტიას გაძლევს? შენ თუ მეტის აღება შეგიძლია, ამას არავინ გართმევს. ათ პროცენტს აიღებ, ოც კაცს გაიყვან. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ არ აწყობს, რომ მან ერთპროცენტიანი პარტიების მხარდაჭერა დაკარგა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.