ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს იწყალებს, ხოლო მსუბუქი დანაშაულისთვის ციხეში მყოფი ადამიანებისთვის არანაირი ღონისძიებები არ გაუტარებია
ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს იწყალებს, ხოლო მსუბუქი დანაშაულისთვის ციხეში მყოფი ადამიანებისთვის არანაირი ღონისძიებები არ გაუტარებია

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ბლოკის „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ ლიდერმა ბრიფინგი გამართა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტმა შეიწყალა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, თუმცა ათასობით ადამიანი, რომლებსაც შედარებით მსუბუქი სასჯელი აქვთ, კვლავ ციხეში არიან.

დღესვე, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციაც დაანონსა.

„სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ფორმალურად პრეზიდენტი ჰქვია, მიიღო ძალიან ბევრი უსამართლო, ნეპოტისტური გადაწყვეტილება და გაათავისუფლა მკვლელები და მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, ბოლოს კი დააგვირგვინა იმით, რომ რადგან პოლიტიკოსი იყო, გაათავისუფლა ადამიანი, რომელსაც 50 მილიონის ქურდობა დაუმტკიცეს. შეიწყალა კიდევ ერთი პირი, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ რეკეტის გზით, ძალოვანი სტრუქტურების ფონდში ხუთას მილიონზე მეტი ჰქონდა ამოღებული, მერე ეს ფული ნაწილი თვითონ შეჭამა, ნაწილი ძმა-ბიჭებს შეაჭამა. ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომ აქლემის ქურდები ცხოვრობენ კომფორტულად, აგრძელებენ წარმატებით, ხაზინისა და ხალხის ძარცვას, რბევას და ახლა ემზადებიან პარლამენტში შესასვლელად. ჯართის ქურდობის გამო კი, რამდენიმე ათასი არასრულწლოვანი იხდის სასჯელს და მათი საქმეების გადასინჯვა, მათ მიმართ მოწყალედ გადმოხედვა ხელისუფლებას არ უნდა. ასევე, რამდენიმე ათასი ადამიანი ნარკოდანაშაულის გამო ზის ციხეში, რადგან მას ე.წ ფაქტი აღმოუჩინეს, რამდენიმე ათასი მეუღლე იხდის სასჯელს კონფლიქტისთვის, რომლებმაც თავიანთ მეუღლეებთან იჩხუბეს და ახლა დადიან მათი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ამბობენ, რომ ცხელ გულზე დავრეკეთ პოლიციაშიო. 85 პროცენტი არის მსუბუქ დანაშაულზე ბრალდებულები და მათ მიმართ არანაირი ღონისძიებები არ იქნა გატარებული. თავის დროზე „ქართული ოცნება“ მოვიდა პატიმრების თემის სპეკულაციით. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა და არც ერთი ამნისტია არ განხორციელებულა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უსამართლობა და სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა. ამიტომ, ყველას ვისაც გაქვთ ეს მძაფრი განცდა, მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 4 ოქტომბერს კვირას, 18:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან და გავაპროტესტოთ ქვეყანაში შექმნილი უსამართლობა“, – განაცხადა ბაღათურიამ.