ჯონათან ჯანოღლი - საქართველომ გადმოდგა პირველი ნაბიჯი, ბევრ ქვეყანაზე ადრე მოაწერა ხელი შეთანხმებას, რითაც დაადასტურა მეგობრობა გაერთიანებული სამეფოსადმი
ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ გადმოდგა პირველი ნაბიჯი და ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე მოაწერა ხელი შეთანხმებას, შესაბამისად დაადასტურა მეგობრობა გაერთიანებული სამეფოს მიმართ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოღლიმ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ხელი 21 ოქტომბერს ლონდონში მოეწერა.
მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში საქართველო და გაერთიანებული სამეფო ყველაზე მეტად დაახლოვდნენ უორდროპის დიალოგის მეშვეობით.
„ეს ეხება როგორც მინისტერიალის, ისე საპარლამენტო და კულტურულ დონეებს. ვფიქრობ, სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი იმ განცხადების ჩარჩოებს, რომელიც გვაქვს დღეს“, – აღნიშნა ჯონათან ჯანოღლიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბმა 2019 წლის 21 ოქტომბერს ლონდონში ხელი მოაწერეს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“.
შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა; ეკონომიკური დიალოგი; ტრანსპორტი; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა; ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკა, ინოვაციები; ფინანსური სერვისები; საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიები; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა; სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა; განათლებისა და კულტურის დარგები; ასევე რეგიონული თანამშრომლობა და სხვა.