ესპანელი ჯონ რამი, რომელმაც დუბაიში მოიგო გოლფში ევროპული ტურის შემაჯამებელი ჩემპიონატი, კონტინენტის 2019 წლის საუკეთესო გოლფისტი გახდა. რამი მესამე ესპანელია, ვინც ეს პრესტიჟული პრიზი მოიპოვა. მანამდე ეს შეძლეს სევ ბალიესტეროსმა (1986, 1988, 1991) და სერხიო გარსიამ (2017).
„ჩემთვის დიდი პატივია გავხდე ევროპის წლის საუკეთესო გოლფისტი. პატივია აღმოვჩნდე ბალიესტეროსის გვერდით. ვამაყობ ამ წელს ჩემი შედეგებით. ირლანდიისა და ესპანეთის ღია პირველობებზე გამარჯვებები, ასევე ტიტული შემაჯამებელ ტურნირზე – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო. ვამაყობ, რომ ასეთი რამ შევძელი ჩემი კარიერის ასეთ ადრეულ ეტაპზე“, – განაცხადა რამმა.