ჯონ კირბი - ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს
ზოგიერთ შემთხვევაში ირანი აქტიურად უწყობდა ხელს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებს. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ბოლო ერთი კვირაა, მსგავსი თავდასხმები გახშირებულია, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე დღეა. აშშ არ დაუშვებს, რომ თავისი ინტერესები რეგიონში უპასუხოდ დარჩეს“, – აღნიშნა კირბიმ.
როგორც თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფებს მხარს უჭერს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია და ირანის მთავრობა, რომელიც ასევე აგრძელებს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მებრძოლი ჯგუფების მხარდაჭერას.
„ჩვენ ვიცით, რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და ზოგიერთ შემთხვევაში, აქტიურად უწყობს ხელს ამ თავდასხმებს და უბიძგებს სხვებს, რომლებსაც სურთ კონფლიქტის გამოყენება საკუთარი ან ირანის სასარგებლოდ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, აშშ ღრმადაა შეშფოთებული ამ თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პოტენციალით უახლოეს დღეებში.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ბაიდენმა უბრძანა თავდაცვის დეპარტამენტს, მოემზადოს მეტი და სათანადო რეაგირებისთვის.