ჯონ კირბი - შემდეგი რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება
ჯონ კირბი - შემდეგი რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

შემდეგი რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

კირბის თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, რის გამოც უკრაინის სამხედრო მეთაურებს უკვე უწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება, რომელი შეიარაღება ან საბრძოლო მასალა გამოიყენონ იმ პირობებში, როდესაც მათი მარაგი იწურება.

მისივე განაცხადებით, რუსეთი აგრძელებს სამხედრო დახმარების მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. მათ შორის არის ბალისტიკური რაკეტები. ამას გარდა, კირბის ინფორმაციით, რუსეთმა განავითარა დრონების და სხვა შეიარაღების საკუთარი წარმოებაც.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორის თქმით, აშშ-ის კონგრესი თუ უარს იტყვის უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე, ამას, შესაძლოა, „კატასტროფული შედეგები მოჰყვეს“.

„პრეზიდენტი ბაიდენი აცნობიერებს, რომ სხვა ქვეყნები თვალს ადევნებენ ჩვენს ქმედებებს. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ასევე ყურადღებით გვაკვირდებიან, როგორ ვიქცევით“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.