ჯონ კირბი - „ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებენ ღაზის სექტორის ზოგიერთ საავადმყოფოს და მათ ქვეშ მდებარე გვირაბებს
ჯონ კირბი - „ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებენ ღაზის სექტორის ზოგიერთ საავადმყოფოს და მათ ქვეშ მდებარე გვირაბებს

თეთრი სახლის განცხადებით, „ჰამასი“ ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოდან სამეთაურო ცენტრს მართავს, სადაც ასევე ინახავს იარაღს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„„ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებენ ზოგიერთ საავადმყოფოს ღაზის სექტორში, მათ შორის ალ-შიფასა და მათ ქვეშ მდებარე გვირაბებს სამხედრო ოპერაციების დასამალად და მძევლების დასაკავებლად“, – განუცხადა ჟურნალისტებს კირბიმ.

კირბიმ არგუმენტად მოიყვანა პენტაგონის მიერ გავრცელებული გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია, სადაც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ „ჰამასი“ და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი” იყენებდნენ საავადმყოფოებს, ალ-შიფას ჩათვლით, როგორც საომარი ოპერაციების დამალვისა და მძევლების დასაკავებლად, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

ამის პარალელურად, კირბი აცხადებს, რომ აშშ არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვას.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საავადმყოფოზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს, შეერთებულ შტატებს ასევე არ სურს, რომ იქ, სადაც უდანაშაულო ადამიანები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ, სროლაში ყვებოდნენ”, – თქვა კირბიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რამდენად რთულია სამხედრო ოპერაცია, რადგან „მოსახლეობაში „ჰამასი“ ღრმად არის ჩანერგილი“.