ჯონ კირბი - დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მაგრამ აშშ-ში არ ვფიქრობთ, რომ პუტინის გამო ყველა რუსზე პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული ზომა იქნება
ჯონ კირბი - დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მაგრამ აშშ-ში არ ვფიქრობთ, რომ პუტინის გამო ყველა რუსზე პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული ზომა იქნება

რიტორიკა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, სრულიად უპასუხისმგებლოა ბირთვული სახელმწიფოსთვის, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ტელეკომპანია „დოჟდთანინტერვიუში.

ჯონ კირბიმ ისაუბრა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

„რიტორიკა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, სრულიად უპასუხისმგებლოა ბირთვული სახელმწიფოსთვის. ნებისმიერ პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო ასე არ ისაუბრებდა და არ დაიმუქრებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას ძალიან ყურადღებით და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ, გავიგოთ რუსეთის სტრატეგიული პოზიცია. აშშ-ის პრეზიდენტს აწუხებს ჩვენი საკუთარი სტრატეგიული პოზიცია და ჩვენი მზადყოფნა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები“, – განაცხადა კირბიმ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ასევე ისაუბრა რუსი მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებაზე და აღნიშნა, რომ აშშ არ არის მომხრე, ვიზებზე შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეს დაუწესდეს.

„ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები გარკვეული რუსების წინააღმდეგ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც პუტინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ იმისთვის, რასაც ის უკრაინაში აკეთებს; პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მის ოლიგარქიას, რომლებიც გარეულნი არიან უკრაინის ომში, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ პუტინის გამო ყველა რუსზე პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული ზომა იქნება; ვფიქრობთ, რომ ომი არ უნდა გარდავქმნათ ყველა რუსი ხალხის წინააღმდეგ. რუსი ხალხი არ უნდა დავადანაშაულოთ ომში, პუტინი და მისი კაბინეტი აწარმოებენ ამ არაკანონიერ და უმიზეზო ომს უკრაინაში და რუსები არ უნდა ისჯებოდნენ ამისთვის“, – განაცხადა კირბიმ.