ჯონ კირბი - არსებობს ქალაქ ავდეევკის დაპყრობის საშიშროება, რადგან უკრაინელ დამცველებს არ აქვთ საკმარისი იარაღი
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ არსებობს უკრაინის ქალაქ ავდეევკის დაპყრობის საშიშროება, რადგან უკრაინელ დამცველებს არ აქვთ საკმარისი იარაღი. ამის შესახებ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ სიტუაცია ავდეევკაში კრიტიკულია. ვინაიდან რუსები აგრძელებენ ყოველდღიურ ზეწოლას უკრაინის პოზიციებზე, არსებობს საფრთხე, რომ ავდეევკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვდება“, – აცხადებს კირბი.
მისი თქმით, დიდწილად ეს საფრთხე გამოწვეულია საარტილერიო ჭურვების ნაკლებობითა და რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობით.
„რადგან კონგრესმა ჯერ კიდევ არ მიიღო დამატებითი დახმარების პაკეტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, – აღნიშნა კირბიმ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფრონტის სხვა ადგილებშიც, შესაძლოა, განმეორდეს ის, რაც ავდეევკაში ხდება.