ჯონ ბონ ჯოვი აშშ-ში კიდევ ერთ უფასო რესტორანს ხსნის
ჯონ ბონ ჯოვი აშშ-ში კიდევ ერთ უფასო რესტორანს ხსნის

ჯონ ბონ ჯოვი აშშ-ში მესამე უფასო რესტორანს ხსნის. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

ამერიკული როკ-ჯგუფის ვოკალისტმა კამპანია „სულის სამზარეულოს“ ფარგლებში, მეუღლესთან ერთად უფასო რესტორანი ნიუ ჯერსის შტატში, რუტჯერსის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში გახსნა. მომღერლის თქმით, ნებისმიერ მსურველს, რომელსაც საკუთარ სახლში ცხელი კერძის მომზადება არ შეუძლია, შესაძლებლობა ექნება, რესტორანში მივიდეს და იქ მიირთვას.

„შიმშილი ხანდახან არ გამოიყურება ისე, როგორც ჩვენ წარმოვიდგენთ ხოლმე. შიმშილს შეიძლება, შეხვდე ეკლესიაში, სადაც დადიხარ. შიმშილი შეიძლება, ფარულად სუფევდეს იმ სკოლის მოსწავლეებში, სადაც შენი შვილი დადის“, – განაცხადა როკ-ჯგუფის ვოკალისტმა.

მომღერალმა სოციალური კამპანია „სულის სამზარეულოს“ ფარგლებში, პირველი უფასო რესტორანი 2011 წელს გახსნა. ამის მიზანი საჭიროების მქონე პირებისთვის ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფა იყო.

რესტორანს რამდენიმე წესი აქვს – კერძებზე ფასები მითითებული არ არის და კლიენტს სასურველი თანხის დატოვება შეუძლია. ამასთან ერთად, რესტორნის სტუმრებს, რომლებსაც შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, შეუძლიათ, წინასწარ გადაუხადონ საჭიროების მქონე პირებს კვების საფასური. თუ კონკრეტულ პირს კვების საფასურის გადახდა საერთოდ არ შეუძლია, მაშინ მას რამდენიმე საათით რესტორანში მოხალისედ მუშაობას სთავაზობენ.

ჯონ ბონ ჯოვი და მისი მეუღლე მსგავსი რესტორნების გახსნას მომავალშიც გეგმავენ.