ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა და ტელეარხ Eurosport-ის ექსპერტმა მატს ვილანდერმა საინტერესო ინტერვიუ მისცა ბოლო დღეების ყველაზე სკანდალურ სპორტულ ამბავზე, რომელიც მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს უკავშირდება. სერბ ჩოგბურთელს ორშაბათს სასამართლო ელოდება მელბურნში და იქ გადაწყდება – მას უკან სამშობლოში გააბრუნებენ თუ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის ნებას დართავენ…
– როგორია თქვენი აზრი იმ ყველაფერზე, რაც ავსტრალიაში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაკავშირებით ხდება?
– გასაგებია, რომ მას არ გაუმართლა იმაში, რითიც ახლა ცხოვრობს. ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება. მაგალითად, რა სამედიცინო გამონაკლისი მისცეს მას, რომლითაც ქვეყანაში შესვლასა და იქ თამაშს იმედოვნებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დამაჯერებლად გრძნობდა თავს და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა. არ ვიცი, რა მომენტში იქნა დაშვებული შეცდომა, რადგან თავდაპირველად მას რაღაცას დაპირდნენ, მაგრამ შემდეგ დაპირება არ შესრულდა. დროთა განმავლობაში გავიგებთ, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პანდემიის ბრალია და წესები ყოველდღე იცვლება.
– შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჯოკოვიჩზე, როგორც დამნაშავეზე, რომელმაც ვაქცინა არ გაიკეთა? თუ დამნაშავეა ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაცია, რომელმაც დაარწმუნა ის, რომ ყველაფერი წესრიგში იყო?
– უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ აცრა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. არ ვიცი, მიეკუთვნება თუ არა ნოვაკი ამ ჯგუფს. მისი შეცდომა იმაშია, რომ ვაქცინა არ გაიკეთა – არ მგონია ეს მართებული ნათქვამი იყოს. მართალია ის, რომ წესების თანახმად, ვაქცინირებული უნდა იყოთ, მაგრამ თუ თქვენ სამედიცინო კუთხით დაამტკიცებთ, რომ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაშინ უნდა გქონდეთ თამაშის უფლება. ნებისმიერი, ვინც თვითმფრინავში ჯდება, საზღვრის გადაკვეთას იმედოვნებს. როცა ევროპელი აშშ-ში მიემგზავრება და თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს, ისიც ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგან, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პოლიციელი, რომელიც თქვენს პასპორტს ამოწმებს. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა ჯოკოვიჩს, რომ მას შეუძლია იმოგზაუროს და გააჩნია საჭირო დოკუმენტები. ის ჩაჯდა თვითმფრინავში და საზღვრის გადალახვა სცადა. ყველაფერი ძალიან ჩახლართულია.
– სამართლიანია ის, როგორც ავსტრალიის მთავრობა ეპყრობა პირველ ნომერს?
– მას ეპყრობიან, როგორც ერთ რიგით ადამიანს. როცა ისინი ქვეყანაში არ გიშვებენ, ყოველთვის იზოლაციაში გადაყავხართ სასტუმროში. თუ ამას ეწინააღმდეგებით, სრული თავისუფლება გაქვთ – ჩაჯექით თვითმფრინავში და უკან დაბრუნდით, როცა მოისურვებთ. მე არ მგონია, რომ მას უკეთ ან უარესად ექცევიან, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს.
– როგორ ფიქრობთ, მას აქვს შანსი ორშაბათს მოიგოს აპელაცია დეპორტაციაზე?
– მიმაჩნია, რომ შანსი აქვს, მაგრამ იგივე წარმატებით ვფიქრობ, რომ ავსტრალიის მთავრობა არ მოისურვებს ხალხის თვალში სულელად გამოჩნდეს. ავსტრალიაში მალე არჩევნებია და ეს ყველაფერი ასევე შეიძლება პოლიტიკური საკითხი იყოს. პოლიტიკოსები ძლიერები უნდა ჩანდნენ და სწორედ ეს გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, როცა თქვა, რომ ვერავინ შევა ავსტრალიაში აცრის გარეშე. ჯოკოვიჩის შანსები დიდი არ არის, რადგან არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა იდიოტად გამოჩნდეს, თუ გადაწყვეტილებას ნოვაკის სასარგებლოდ შეცვლის. მე გულწრფელად მინდა, რომ ნოვაკმა მოიგოს, რადგან მისი თამაშის ხილვა მსურს.
– როგორ აფასებთ ნოვაკის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ბოლომდე გადაწყვიტა მელბურნში დარჩენა და შინ არ გაემგზავრა?
– მომწონს ეს გადაწყვეტილება. ეს არის მთელს მსოფლიოში გულშემატკივართა სიმპატიის მოპოვების ხერხი. ის ამტკიცებს, როგორ ძლიერად სურს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში, როგორ ძალიან უნდა ისტორიაში შესვლა. ამიტომაც რჩება ამ არაკომფორტულ სასტუმროში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. მისთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა დანებება და გამოცხადება: “მე სახლში მივდივარ, ეს უკვე მეტისმეტია“. მაგრამ მას, პირველ რიგში, თამაში უნდა. სწორად მოიქცა, რომ დარჩა.
– შეუძლია თუ არა ავსტრალიაში მიმდინარე მოვლენებს სპორტული თვალსაზრისით შეცვალოს ჩოგბურთის ისტორია?
– სიმართლე იმაშია, რომ მე დიდს იმედებს ვამყარებდი ამ ტურნირზე – რაფაელ ნადალის დაბრუნებისა და ჯოკოვიჩის კარგი ფორმის გამო. ასევე ვფიქრობ, რომ 2022 წელი მნიშვნელოვანი იქნება როჯერ ფედერერის დაბრუნების გამოც, თუმცა, მის შემთხვევაში რთული იქნება კიდევ ერთხელ „დიდი სლემის“ ტურნირის მოგება. საკითხი ასე დგას – ჯოკოვიჩსა და ნადალს შორის ვინ მოიგებს პირველი 21-ე „დიდ სლემს“. ნოვაკს ცხრაჯერ აქვს მოგებული ავსტრალიის ღია, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონისთვის ყოველთვის კარგად ემზადება. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე იქნება და ამიტომაც არის მისი სიტუაცია ასე სამწუხარო.
– ჯოკოვიჩს აცრა დასჭირდება, რათა იმოგზაუროს დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში… ხომ არ შეიძლება მან კარიერა დაასრულოს?
– ამ თემაზე მარტო გაფიქრებაც კი ცუდ ხასიათზე მაყენებს. ვერ წარმომიდგენია, რომ ის შეიძლება წავიდეს სპორტიდან იმის გამო, რომ აცრილი არ არის. მე მგონია, რომ ის ფიქრობს ამაზე და ყველაფერს კარგად აანალიზებს. მას შეუძლია საკუთარ სხეულზე ზრუნვა.