მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ავსტრალიაში ჩასული ჩოგბურთელი რვა საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, იქ გაარკვიეს, რომ ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისი უსაფუძვლოდ მიიღო და ახლა ავსტრალიიდან დეპორტირებას უპირებენ. ნოვაკმა 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ავსტრალია, ამასთან, ის იურისტებთან ერთად გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.
საქმეში ჩაერთო სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და განცხადება გააკეთა: „სერბეთი იბრძოლებს ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის, სამართლიანობისთვისა და სიმართლისთვის“. მას ჰქონდა კონტაქტი ჯოკოვიჩთან და დაპირდა ჩოგბურთელს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა „შეწყდეს მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის დევნა“.
განცხადებით გამოვიდა ჩოგბურთელის მამა სდრიან ჯოკოვიჩი: „წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. მათ ჩემი ვაჟი ექვსი საათია გამოკეტილი ჰყავთ. ეს უკვე არის ბრძოლა ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. არა მხოლოდ ნოვაკისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის! თუ მას ნახევარ საათში არ გაუშვებენ, ქუჩაში გავალთ – ეს თითოეული ჩვენთაგანის ბრძოლაა!“
შეგახსენებთ, მოვლენათა თანმიმდევრობას:
* ორი დღის წინ გაირკვა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეძლებდა ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის აცრილი კორონავირუსზე. სერბმა ჩოგბურთელმა სრულიად გაურკვეველი მიზეზებით, სამედიცინო გამონაკლისი მიიღო ვიქტორიას შტატის მთავრობისგან. ამის შესახებ თავად ჩოგბურთელმა დაწერა თავის „ინსტაგრამში“: „არდადეგებზე ფანტასტიკური დრო გავატარე ჩემს ახლობლებთან ერთად, ახლა კი მივემართები ავსტრალიისკენ სპეციალური მიწვევის წყალობით. ვიწყებთ 2022 წელს“, -.
* ავსტრალიის ღია პირველობის პრესსამსახურმა კომენტარი გაუკეთა ჯოკოვიჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: „ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე გამოემგზავრა ავსტრალიაში. ის ითამაშებს ჩვენს ტურნირზე. მან განაცხადი შეიტანა სამედიცინო გამონაკლისზე. ეს განაცხადი განიხილა სამედიცინო ექსპერტების ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი შედგებოდა ვიქტორიას შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ექიმებისგან. მათ ყველა დოკუმენტი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ისინი შეესაბამებიან ავსტრალიის კანონმდებლობას“.
* მეორე დღეს, შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა ავსტრალიის პრემიერმინისტრი სკოტ მორისონი და განაცხადა, რომ არც ისე მარტივად არის საქმე: „ჩვენ ველოდებით თუ რა მტკიცებულებებს წარმოგვიდგენს. და თუ ეს მტკიცებულებები არასაკმარისი იქნება, მის მიმართ იგივე დამოკიდებულება გვექნება, როგორც სხვების მიმართ. ის მომდევნო რეისით შინ გაფრინდება. ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის არ უნდა არსებობდეს განსაკუთრებული წესები. არანაირი“.
* როცა ჯოკოვიჩი მელბურნში ჩაფრინდა, გაირკვა, რომ არა სწორად ჰქონდა გაფორმებული ვიზა. სერბი აეროპორტში დააკავეს, თავისი გუნდისგან განცალკევებით ოთახში მოათავსეს და დაცვად პოლიცია დაუყენეს. ასევე დაკითხვა მოუწყვეს იმ მიზეზებზე, რომლის წყალობითაც სამედიცინო გამონაკლისი მისცეს.
* სულ მალე The Age-მა დაწერა, რომ ჯოკოვიჩის ვიზა გაუქმებულია. მან ხუთშაბათს უნდა დატოვოს ქვეყანა. მისმა იურისტებმა გადაწყვეტილების გასაჩივრება დაიწყეს.
* სასაზღვრო სამსახურმა რვა საათი გარჩევის შემდეგ მიიჩნია, რომ ჯოკოვიჩს არ წარმოუდგენია იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ იმსახურებდა კორონავირუსის აცრისგან სამედიცინო გამონაკლისს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა გრეგ ჰანტმა.
* ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურის განცხადება: „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჯოკოვიჩს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც აუცილებელია ავსტრალიაში შესასვლელად. შედეგად, მისი ვიზა ანულირებულია. პირები, რომლებიც არ არიან ავსტრალიის მოქალაქეები, არ გააჩნიათ ვიზა ან ვიზა ანულირებული აქვთ, დაკავებულნი და გაძევებულნი იქნებიან ავსტრალიიდან“.
* ტელეარხ 9News-ის ჟურნალისტმა დაწერა, რომ აეროპორტიდან ჯოკოვიჩი სასტუმროში გადავა, რომელსაც ავსტრალიის მთავრობა კარანტინისთვის იყენებს. და მისთვის უკვე ეძებენ რეისს, რომლითაც ევროპაში დაბრუნდება.
* ავსტრალიის პრემიერმინისტრი სკოტ მორისონი: „ჯოკოვიჩის ვიზა ანულირებულია. წესი წესია, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია ჩვენს საზღვრებზე. ყველა უნდა იცავდეს ამ წესებს. საზღვარზე მკაცრი კონტროლი თამაშობს დიდ როლს იმაში, რომ ავსტრალიაში კოვიდით სიკვდილიანობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. და ჩვენ არ მოვდუნდებით“.
* ჯოკოვიჩს აქვს ვარიანტი – დაბრუნდეს შინ, ისევ შეავსოს დოკუმენტები ვიზაზე და დაბრუნდეს. 17 იანვრამდე, როცა ავსტრალიის ღია დაიწყება, დრო კიდევ არის. მეორეს მხრივ, ყველასთვის გასაგებია, რომ საქმე არა ვიზაში, არამედ იმაშია, რომ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არ არის.
* ამ ამბავმა ბევრი სასაცილო მემი წარმოშვა. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ მესაზღვრე, რომელმაც ჯოკოვიჩი გააჩერა, ასე გამოიყურებოდა.
Live scenes at Melbourne Airport Border Control..#Federer #Djokovic #AustralianOpen pic.twitter.com/KD9SLP1X16
— RF – Invests (@RFInvests) January 5, 2022