მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო. სერბი ჯგუფური ტურნირის მეორე ტურში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ხვდებოდა, რომელსაც პირველი მატჩი ასევე მოგებული ჰქონდა.
A ჯგუფის ლიდერების თამაშში ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო. საწყის რვა გეიმში აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა. 4:4-ზე ზვერევმა ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ორივე საფრთხე მოიგერია. მომდევნო გეიმში კი უკვე ნოვაკმა მიიღო ბრეიკ-პოინტები და მესამე ცდაზე შანსი ხელიდან არ გაუშვა, რამაც პირველ სეტში მოგება მოუტანა – 6:4.
მეორე სეტში ზვერევმა სტარტზე გაიბრძოლა, მაგრამ 1:1-დან ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და ლონდონში პირველი მარცხი იწვნია. შეხვედრა საათი და 18 წუთი გაგრძელდა და ჯოკოვიჩმა ორ სეტში 6:4, 6:1 მოიგო.
ამავე ჯგუფში გვიან ღამით, მარინ ჩილიჩისა და ჯონ ისნერის მატჩი გაიმართება.