პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი ტური დაიწყო „ტოკიო 1970“-ის ჯგუფში.
დღის პირველ შეხვედრაში რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი არგენტინელ დიეგო შვარცმანს ხვდებოდა. სერბმა ჩოგბურთელმა ყოველგვარი გართულების გარეშე მოიპოვა ტურნირზე პირველი გამარჯვება – 6:3, 6:2. მატჩი საათი და 19 წუთი გაგრძელდა.
ჯოკოვიჩს მცირე პრობლემები პირველი სეტის დასაწყისში შეექმნა, როცა მისმა მეტოქემ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა. თუმცა, ამის შემდეგ სერბმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბოლომდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვია. მან თითო სეტში ორ-ორი ბრეიკის აღება შეძლო, შვიდი ეისი ჩააწოდა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, 23 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მე-40 მოგება ამ სეზონში. ის ამ მაჩვენებლით 2020 წლის ლიდერია რუს ანდრეი რუბლიოვთან ერთად.
ამ ქვეჯგუფში მეორე მატჩი გვიან გაიმართება: ერთმანეთს შეხვედებიან რუსი დანიილ მედვედევი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი.