ჯოკოვიჩმა ნადალზე და ფედერერზე ილაპარაკა - უფრო ხშირად ვხედავდი, ვიდრე დედას #1TVSPORT
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ილაპარაკა თავის ურთიერთობებზე ლეგენდარულ მეტოქეებთან – შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან და ესპანელ რაფაელ ნადალთან.
„მე და ფედერერი არასოდეს ვყოფილვართ მეგობრები. მეტოქეებს შორის ეს შეუძლებელია, მაგრამ მტრებიც არასოდეს ვყოფილვართ. მე ყოველთვის პატივს ვცემდი ფედერერს, ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი იყო. მან უზარმაზარი გავლენა იქონია სპორტზე, მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ მასთან ახლოს.
რაც შეეხება ნადალს, ის მხოლოდ ერთი წლით უფროსია ჩემზე. ზოდიაქოს ნიშნით ორივენი ტყუპები ვართ, თავიდან ერთად დავდიოდით სავახშმოდ. მაგრამ მასთან მეგობრობაც შეუძლებელია. მე ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას და აღფრთოვანებას გამოვხატავდი მის მიმართ. მისი და ფედერერის წყალობით გავიზარდე და გავხდი ის, ვინც დღეს ვარ. ეს ყოველთვის გაგვაერთიანებს სამივეს, ამიტომაც ვგრძნობ მადლიერებას მათ მიმართ. ნადალი – ჩემი ცხოვრების ნაწილია. ბოლო 15 წლის განმავლობაში მას უფრო ხშირად ვხედავდი, ვიდრე მშობელ დედას“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები გაზეთ Marca-ს.