მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უპასუხა მისი მისამართით კრიტიკას, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ხელმძღვანელობისადმი მისმა მიმართვამ გამოიწვია.
ორშაბათს გახდა ცნობილი, რომ ჯოკოვიჩმა წერილი გაუგზავნა ავსტრალიის ღიას დირექტორს კრეიგ ტილის, რომელშიც მოუწოდა, თანაბარი საკარანტინე პირობები შეუქმნას მელბურნში ჩასულ ყველა ჩოგბურთელს, აგრეთვე, გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ტურნირის სტარტისთვის მზადების გასაუმჯობესებლად. ეს წერილი გააკრიტიკა ავსტრალიის შტატის ვიქტორიას პრემიერმინისტრმა დენიელ ენდრიუსმა, რამდენიმე ჩოგბურთელმა და პრესამ.
„კრეიგ ტილის მისამართით ჩემი წერილის გაკრიტიკების გამო, მინდა სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. ჩემი კეთილი ზრახვები კოლეგების მიმართ აღიქვეს, როგორც ეგოიზმი და უმადურობა. ეს ძალიან შორს არის სიმართლისგან.
მე ამ წერილით გამოვიყენე შესაძლებლობა – განმეხილა პირობები მოთამაშეებისთვის, რომლებიც მელბურნში სრულ ლოკდაუნში აღმოჩდნენ. იქ იყო წინადადებები და იდეები, რომელიც ჩვენს საერთო „ჩათში“ სხვა მოთამაშეებისგან მივიღე. ალბათ, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ სხვების დახმარება ვცადო. იმასაც ვაცნობიერებდი, რომ რეალიზაციის შანსები მცირე იყო, რადგან მკაცრი სამთავრობო შეზღუდვების გამო, არ დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნა იმაზე, რომ კარანტინი გამევლო არა ადელაიდაში, არამედ მელბურნში ჩემს გუნდთან ერთად.
მედიაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა მოთამაშე ჩემი ჩათვლით – უმადურები და ეგოსტები არიან იმის გამო, რომ დისკომფორტი შეექმნათ იზოლაციაში ყოფნის დროს. ვწუხვარ, რომ ყველაფერი აქამდე მივიდა, რადგან ვიცი, რომ ბევრი მადლიერია ამ ყველაფრის გამო. ჩვენ ყველანი ავსტრალიაში სათამაშოდ ჩავედით და ძალიან რთულია, როცა ვარჯიშისთვის და ტურნირისთვის მოსამზადებლად შესაძლებლობა არ გაგაჩნია. მაგრამ, არც ერთ ჩვენთაგანს ეჭვქვეშ არ დაუყენებია 14-დღიანი კარანტინის აუცილებლობა“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ სერბმა.
ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში 8-21 თებერვალს გაიმართება.