სეზონის ბოლო „მასტერსის“ ტრიუმფატორი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა პარიზის ფინალში იოლად დაამარცხა კანადელი დენის შაპოვალოვი – 6:3, 6:4 და მეხუთედ მოიპოვა გამარჯვება.
პირველ სეტში ჯოკოვიჩმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, შანსი გამოიყენა და ეს იკმარა სეტის მოსაგებად.
მეორე პარტიაში ჯოკოვიჩმა მეშვიდე გეიმში აიღო ბრეიკი და მომდევნო გეიმში შაპოვალოვმა მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ უკუბრეიკის შესრულება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ნოვაკმა საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. მატჩი მხოლოდ საათი და რვა წუთი გრძელდებოდა.
ჯოკოვიჩისთვის ეს იყო 34-ე მოგება „მასტერსის“ სერიის ტურნირებზე. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ერთით ჩამორჩება ლიდერ რაფაელ ნადალს. 28 ტიტულით მესამეზეა როჯერ ფედერერი.