მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებს კორონავირუსისგან ვაქცინირებას და მზად არის ამ მიზეზით გამოტოვოს ტურნირები, რომელზეც არ უშვებენ არავაქცინირებულ ჩოგბურთელებს.
„არასოდეს გამოვსულვარ ვაქცინაციის წინააღმდეგ. მესმის, რომ ყველა მაქსიმალურად მონდომებულია იმისთვის, რომ ვირუსს გაუმკლავდეს. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. ვაქცინაცია – ყველაზე დიდი ძალისხმევაა იმ ყველაფრიდან, რაც აქამდე გაკეთდა. ალბათ, უკვე პლანეტის ნახევარია აცრილი.
მე ამას პატივისცემით ვეპყრობი, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი თავისუფალ არჩევანს – ადამიანს შეუძლია საკუთარ სხეულს ისე მოექცეს, როგორც თავად მოისურვებს. ჩემთვის ვაქცინაციის საკითხი – ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არა კონკრეტული ადამიანისთვის. მე, როგორც ელიტური სპორტსმენი, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი იმას, რა შეიძლება მოხვედრილიყო ჩემს საკვებში, ბიოდანამატებში, წყალში, სპორტულ სასმელებში, მოკლედ ყველაფერში, რაც ჩემს სხეულს კვებავს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მე გამაჩნია, დღეისთვის არ ვაპირებ ვაქცინირებას.
მე დიდი სპორტის ნაწილი ვარ, სადაც ყოველ კვირას თამაშობენ და შესანიშნავად მესმის საკუთარი გადაწყვეტილების შედეგები. მზად ვიყავი იმისთვის, რომ ვერ მოვხვდებოდი ავსტრალიაში. მესმის, რომ დღეს ვერ ვითამაშებ ტურნირების დიდ ნაწილში იმის გამო, რომ არ ვარ ვაქცინირებული. ეს ის ფასია, რომლის გადასახდელად ვარ მზად. ნუთუ ასე სერიოზულად მაღელვებს ეს ერთი ჩხველტა? დიახ. მზად ვარ თუ არა როლან გაროსის და უიმბლდონის გამოსატოვებლად? დიახ. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი პრინციპები და მიდგომა საკუთარი სხეულის მიმართ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ვცდილობ, მაქსიმალურად ვიმეგობრო ჩემს სხეულთან“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები ტელეკომპანია BBC-ს.