სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის „მასტერსის“ ნახევარფინალში ნორვეგიელი კასპერ რუუდი ორ სეტში (6:4, 6:3) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.
მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის ეს იყო კარიერაში მე-1000 მოგება. მასზე ადრე ეს გააკეთეს ამერიკელმა ჯიმი კონორსმა (1274 მოგება), შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა (1251), ამერიკელმა ივან ლენდლმა (1068) და ესპანელმა რაფაელ ნადალმა (1051).
ფაქტები
* ჯოკოვიჩმა 636 მატჩი ჰარდზე მოიგო, 252 – გრუნტზე, 102 – ბალახზე, 10 – ხალიჩაზე.
* 1000 მოგებული მატჩი ტურნირების დონის მოხედვით: 380 – მასტერსი, 323 – დიდი სლემი, 297 – სხვა.
* ჯოკოვიჩს 1000 მატჩის მოსაგებად 1203 შეხვედრა დასჭირდა. უფრო ნაკლებ მატჩში მიაღწიეს ამ ზღვარს ჯიმი კონორსმა (1164), ივან ლენდლმა (1199) და რაფაელ ნადალმა (1201). ყველაზე მეტი მატჩი დასჭირდა როჯერ ფედერერს (1227).
* ჯოკოვიჩი ყველაზე გვიან შევიდა ათასიანთა კლუბში – 34 წლისა და 11 თვის ასაკში. ნადალი ნახევარი წლით უმცროსი იყო, ფედერერი – წლინახევრით უმცროსი, ლენდლი – ორი წლით, კონორსი – სამი წლით.