სენსაციურად დასრულდა შანხაის „მასტერსის“ მეოთხედფინალი მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტეფანო ციციპასს შორის. ორ საათსა და ოთხ წუთში ბერძენმა ჩოგბურთელმა სამ სეტში დაამარცხა სერბი – 3:6, 7:5, 6:3.
პირველ სეტში ჩოგბურთელებს თითო ბრეიკი ჰქონდათ. ჯოკოვიჩმა თავისი შანსი გამოიყენა, ციციპასმა ეს ვერ შეძლო და საწყისი პარტია სერბს ჩოგბურთელს დარჩა.
მეორე სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ციციპასს ჰქონდა: მეექვსე გეიმში მან ორი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მე-12 გეიმში მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება და სეტებში ანგარიშის გათანაბრება.
ჯოკოვიჩმა ვერც მესამე სეტში მიაღწია ბრეიკ-პოინტამდე, ციციპასმა კი მეოთხე გეიმში მესამე ცდაზე შეძლო უნიშვნელოვანესი ბრეიკის შესრულება. ამის შემდეგ, ბერძენმა საკუთარ გეიმებში ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, მხოლოდ ხუთი ქულა დათმო და მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
ასე რომ, ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო შანხაიში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა, ციციპასი კი ნახევარფინალში რუს დანიილ მედვედევს შეხვდება.