ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსის ფინალშია
ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსის ფინალშია

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, 14-გზის დიდი სლემის გამარჯვებული, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჩინეთში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალშია.

მან ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდრე ზვერევი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა – 6:2; 6:1. სერბმა, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, პატარა საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. ჯოკოვიჩი დაპირისპირების ორივე სეტში დომინირებდა და მეტოქეს უმცირესი შანსიც არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის მეორე წრეში ზვერევმა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა.

დღეს, „შანხაი მასტერსის“ მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც როჯერ ფედერერი ახალგაზრდა ხორვატს, ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდება. შვეიცარიელის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე მას ხორვატის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

მთელი საჩოგბურთო სამყარო ჯოკოვიჩი-ფედერერის ფინალს ელოდება, რომელიც, დღევანდელ მატჩში ფედერერის გამარჯვების შემთხვევაში, ხვალ გაიმართება.