მონტე კარლოს მასტერსზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები იმართება. ფავორიტთაგან პირველმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიპოვა. წინა შეხვედრაში ფილიპ კოლშრაიბერთან სუსტი თამაშის შემდეგ, ამჯერად მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იოლად დაამარცხა კლასიფიკაციის 65-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი – 6:3, 6:0.
პირველი სეტის დასაწყისში ორ-ორი გეიმის გაცვლის შემდეგ, ჯოკოვიჩმა უპირატესობა მოიპოვა – ორი ბრეიკი შეასრულა და 5:2 დაწინაურდა. სერბმა სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო, რადგან ფრიცმა ერთი საპასუხო ბრეიკი აიღო, თუმცა იქვე ჯოკოვიჩმა მესამედ მოიგო მეტოქის მოწოდება და მასთან ერთად სეტიც.
მეორე პარტიაში ნოვაკმა თავის გეიმებში მხოლოდ ოთხი ქულა დათმო, სამი ბრეიკი შეასრულა და სეტი მშრალი ანგარიშით მოიგო.
მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება, რომელმაც სტეფანოს ციციპასს მოუგო.