სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ორშაბათიდან ისევ გახდა ATP-ის რეიტინგის ლიდერი, კარიერაში მეხუთედ დაასრულებს წელს პირველი ჩოგანის რანგში. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში იუარა რაფაელ ნადალმა. სწორედ ესპანელი იყო ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც სეზონის დასკვნითი ტურნირის შემდეგ შეეძლო პირველობის ჩამორთმევა ჯოკოვიჩისთვის.
ასე რომ, ჯოკოვიჩი დაეწევა ამერიკელ ჯიმი კონორსსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს, რომლებსაც ასევე ხუთჯერ დაუმთავრებიათ სეზონი პირველი ნომრის რანგში. ამ მხრივ, რეკორდსმენია ამერიკელი პიტ სამპრასი – მას ასეთი რამ კარიერაში ექვსჯერ გაუკეთებია.
გარდა ამისა, სერბი გახდება პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც პირველ ადგილზე დაასრულებს სეზონს, რომლის მსვლელობისას პირველი ოცეულის მიღმა იმყოფებოდა.