ჯოკოვიჩი მარბელიაში ჰარდის კორტზე ვარჯიშობს
ჯოკოვიჩი მარბელიაში ჰარდის კორტზე ვარჯიშობს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანეთის კურორტ მარბელიაში ვარჯიშობს. „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ამისთვის ჰარდის საფარის კორტები აირჩია. როგორც ირკვევა, სერბმა შეუკვეთა ბურთების ის კომპლექტი, რომლითაც აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშობენ. შესაბამისად, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯოკოვიჩი ნიუ იორკში გასამართი „მეიჯორისთვის” გადის მზადებას.

ყოფილი ავსტრალიელი ჩოგბურთელის რენე სტაბზის სიტყვებით, სერბის ეს გადაწყვეტილება კარგი ნიშანია: „ეს იმაზე ლაპარაკობს, რომ ნოვაკი მონაწილეობას მიიღებს ტურნირში. რა თქმა უნდა, აშშ-ის ღიას გარშემო გაურკვევლობა ჯერ ისევ არსებობა. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს რამდენიმე კვირაში. კარგი ამბავი ის არის, რომ ნიუ იორკში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება“.

აშშ-ის ღია პირველობა 31 აგვისტოს უნდა დაიწყოს. ტურნირის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ივლისის ბოლოს მიიღებენ.