მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე მატჩი მოიგო ATP500 კატეგორიის ტურნირზე. მეორე წრეში ჯოკოვიჩი რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდა და ისევ ორ სეტში მოიგო – საათსა და 39 წუთში 6:3, 7:6(2), ოღონდ, ამჯერად მეტ წინააღდეგობას წააწყდა.
პირველ სეტში მხოლოდ ერთ გეიმში იყო ბრეიკპოინტები – ჯოკოვიჩმა მეოთხე გეიმში ორი შანსი მიიღო და მეორე ცდაზე შეასრულა ბრეიკი, რაც საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად.
მეორე სეტში სერბმა მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი და მიუახლოვდა საბოლოო გამარჯვებას, მაგრამ ამის შემდეგ ხაჩანოვმა მოიპოვა ინიციატივა. მეოთხე გეიმში მან სამი ბრეიკპოინტი გაანიავა, სამაგიეროდ, მერვე გეიმში რუსმა შანსი არ გაუშვა და უკუბრეიკი შეასრულა. მომდევნო გეიმში ჯოკოვიჩმა ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც სერბმა მაღალ დონეზე ჩაატარა – სამი მინი-ბრეიკი შეასრულა და არც ერთი საკუთარი მოწოდება არ დათმო.
მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ჩეხი ირჟი ვესელი იქნება, რომელმაც მერვედფინალში დოჰას ტურნირის ჩემპიონი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.