ჯოკოვიჩი და ნიშიკორი აშშ-ის ღიას ნახევარფინალში არიან
ჯოკოვიჩი და ნიშიკორი აშშ-ის ღიას ნახევარფინალში არიან

ქალების ტურნირის მსგავსად, კაცებშიც ერთი ნახევარფინალისტი იაპონელია – კეი ნიშიკორიმ 4 საათი და 19 წუთი ბრძოლის შემდეგ, ხუთ სეტში მოუგო ხორვატ მარინ ჩილიჩს – 2:6, 6:4, 7:6, 4:6, 6:4.
ჩილიჩს ამ მატჩში უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი და ბრეიკი ჰქონდა, მაგრამ მაინც დამარცხდა. თამაშის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო, როცა ნიშიკორიმ მეორე სეტის მოგება შეძლო 2:4-დან. იაპონელმა შეხვედრა 57 “ვინერსით” დაასრულა და რევანში აუღო ხორვატს 2014 წელს, აშშ-ის ღიას ფინალში მარცხისთვის.

გაცილებით იოლად მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა – მან ორ საათსა და 52 წუთში სამ სეტში დაამარცხა როჯერ ფედერერის მძლეველი ჯონ მილმენი – 6:3, 6:4, 6:4. ავსტრალიელმა ერთი ბრეიკის შესრულება მოახერხა, მაგრამ ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ჯოკოვიჩს უფრო ნაკლებ დროშიც შეეძლო მოგება, მაგრამ 16 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

ჯოკოვიჩი ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში და იქ ნიშიკორის შეხვდება. სერბს იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს – 14:2.

კაცები
1/4 ფინალი
ნიშიკორი (იაპ, 21)-ჩილიჩი (ხორ, 7) 2:6, 6:4, 7:6(5), 4:6, 6:4
ჯოკოვიჩი (სერ, 6)-მილმენი (ავსტრა) 6:3, 6:4, 6:4
1/2 ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-დელ პოტრო (არგ, 3)
ნიშიკორი (იაპ, 21)-ჯოკოვიჩი (სერ, 6).