ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს #1TVSPORT

ბრიტანულმა გაზეთმა „სანმა“ თავის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ავსტრალიის მთავრობას სასტიკი მოპყრობისთვის. „სასტიკ მოპყრობაში“ იგულისხმება ის, რომ ჯოკოვიჩი რამდენიმე დღის განმავლობაში მოათავსეს მელბურნის საკარანტინე სასტუმროში (რომელიც ციხეს უფრო ჰგავდა) ავსტრალიური ვიზის პირველად გაუქმების შემდეგ.

იტყობინებიან, რომ სარჩელის საერთო თანხამ, შესაძლოა, 4.36 მილიონი დოლარი შეადგინოს. ამ თანხაში შედის 3.13 მილიონი დოლარი, რომელიც სერბს შეიძლება გამოემუშავებინა ავსტრალიის ღიას მოგების შემთხვევაში, თუ მას ტურნირზე დაუშვებდნენ.

ამასობაში, ნოვაკის მომავალ კარიერას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ, ჯოკოვიჩს ამ ქვეყანაში შესვლაზე სამწლიანი აკრძალვა დაუწესეს. ასე რომ, თუ ავსტრალიის მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მომდევნო ჯერზე ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიაზე მხოლოდ 2026 წელს ითამაშებს, როცა 38 წლის იქნება.

კითხვის ნიშნის ქვეშ არის სერბის გამოსვლა „დიდი სლემის“ მომდევნო ტურნირზე – როლან გაროსზე. საფრანგეთის სპორტის მინისტრმა როქსანა მარასინიანომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სპორტულ ტურნირზე სპორტსმენებისგან ვაქცინაციაზე სერთიფიკატს მოითხოვენ. მათ შორის არის როლან გაროსიც. თუ მაისამდე საფრანგეთის მთავრობა არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, ჯოკოვიჩი ვერც პარიზულ ტურნირში ითამაშებს.

სერბისთვის შველა შეიძლება იყოს ტურნირები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, მაგრამ აქაც სერიოზული გაურკვევლობაა. Eurosport-ის ექსპერტმა ბარბარა შეტმა განაცხადა, რომ ავსტრალიიდან დეპორტაცია ცუდად იმოქმედებს ნოვაკის აშშ-ში თამაშის შესაძლებლობაზე.

„ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაც არ შეიძლება. საერთოდ, თუ აცრას არ გაიკეთებს, ჯოკოვიჩს პრობლემები ექნება მსოფლიოში გადაადგილების მხრივ. საინტერესოა, გადაიფიქრებს თუ არა ის, რადგან ეს შეიძლება მთელს კარიერად დაუჯდეს. ამ ყველაფერმა შეიძლება ისტორია შეცვალოს“, – ამბობს შეტი და არ შეიძლება მას არ დაეთანხმო. დღევანდელი მოცემულობით, ჯოკოვიჩს შეუძლია მხოლოდ „დიდი სლემის“ ერთ ტურნირზე – უიმბლდონზე გამოსვლის იმედი ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში აუცილებელი კოვიდ-პასპორტების გაუქმების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია მუდმივად იცვლება და არავინ იცის, რა მდგომარეობა იქნება ივნისში. იმ დროისთვის, შესაძლოა, კორონავირუსის მორიგი შტამი აღმოაჩინონ და რეგულაციები ისევ გამკაცრდეს.