ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა მედიას განუცხადა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ ზელენსკიმ ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს, რა დროსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პრეზიდენტ ბაიდენს ჰქონდა შესაძლებლობა, ეთქვა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ ის მტკიცედ დადგება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად“, – განაცხადა სალივანმა.

ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს არის დაგეგმილი.

ამასთან, როგორც თავად ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, სატელეფონო საუბრის დროს მან ჯო ბაიდენთან განიხილა უკრაინის მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ და რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“.

გარდა ამისა, გასულ კვირას ზელენსკიმ ერთ-ერთ იტერვიუში განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სანქციები მოუხსნას „ჩრდილოეთ ნაკად 2-ის“ ოპერატორ კომპანიას.