ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლისა და ელისეის სასახლის პრესსამსახურები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ლიდერებმა განიხილეს საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი და ტაივანის ირგვლივ არსებული ვითარება.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მათ ასევე დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე“.

ელისეის სასახლეში აღნიშნავენ, რომ „ჩინეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონფლიქტის (რუსეთ-უკრაინის ომის) მშვიდობიანად, გაერო-ს წესდების პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად დასრულებაში“.

გარდა ამისა, ბაიდენმა ევროპის სამხედრო გაძლიერების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ამერიკელი კოლეგა დაარწმუნა, რომ „საფრანგეთი სრულფასოვნად შეასრულებს თავის როლს ამ საკითხში“.

ლიდერებს შორის ეს პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც ჩინეთში ვიზიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირს, შეემცირებინა დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე და გააფრთხილა ტაივანის კრიზისში ჩათრევის შესახებ.