აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყატარი ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირედ დაასახელა. ბაიდენმა აღნიშნული განცხადება თეთრ სახლში ყატარის ემირის, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის ვიზიტამდე გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთი, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დავა და ისლამური ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა.
„მე ვატყობინებ კონგრესს, რომ ყატარს ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირედ ვასახელებ, რათა აისახოს ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დაგვიანებულია“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ქვეყნისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება არ იძლევა გარანტიას, რომ აშშ-ი დაიცავს ამ ქვეყანას თავდასხმის შემთხვევაში. მაგრამ ეს სტატუსი ყატარს უფრო მეტ დიპლომატიურ პრესტიჟს ანიჭებს და აძლევს წვდომას აშშ-ის თავდაცვის ძალების ტექნოლოგიაზე და უსაფრთხოების სისტემებზე, რაც აქამდე მისთვის მიუწვდომელი იყო.
ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი აშშ-ის პრეზიდენტებმა 17 ქვეყანას მიანიჭეს. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, იორდანია, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ქუვეითი, მაროკო, პაკისტანი, ბაჰრეინი, ფილიპინები, არგენტინა, ავღანეთი, ტუნისი და ბრაზილია.