ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრის დროს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებში ერდოღანის გამარჯვება თურქ ხალხს სარგებელს მოუტანს.

როგორც თურქული მედია პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით წერს, საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას გააგრძელებენ.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე აშშ-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა და აღნიშნეს, რომ იმუშავებენ ყველა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მანამდე ჯო ბაიდენმა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მიულოცა.

„მოუთმენლად ველოდები, როგორც ნატო-ს მოკავშირეები, ერთად მუშაობის გაგრძელებას ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, – დაწერა ბაიდენმა.